21 ოქტომბერს ხმების საჯარო დათვლა იწყება!
2017-10-12.

21 ოქტომბერს ბათუმის საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცესის დასრულებისთანავე „ისარის“ მოხალისე დამკვირვებლების მიერ უბნებიდან წამოღებული საარჩევნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება ჩვენს ვებ გვერდზე ( www.isari.org ) განთავსებულ დათვლის სისტემაში და ყველა ოქმი გახდება საჯარო მათთვის, ვინც ჩაერთვება ხმების დათვლის პროცესში. 

ხმების დათვლის პროცესში ჩართვა შეუძლია ყველას, ეს არის მარტივი, საინტერესო, სახალისო და უფასო პროცესი. ამისათვის კი ნებისმიერი დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს საიტზე განთავსებულ „დათვლის სისტემაში“ ( http://isari.org/ds/ ) და გაააქტიუროს თავისი „დათვლის სისტემის“ გვერდი ელ-ფოსტაზე გადმოგზავნილი ბმულის მეშვეობით. 
„ისარის“ დათვლის სისტემა გაძლევთ შესაძლებლობას ოპერატიულად და არჩევნების საღამოსვე გაიგოთ თუ რომელ უბანზე რა შედეგი დადგა და პირადად ჩაერთოთ დათვლის პროცესში, რითაც დაეხმარებით ხმების შეჯამების პროცესს და საკუთარი თვალით შეადარებთ საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მოგვიანებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებთან. 
ასე არჩევნები იქნება უფრო გამჭვირვალე და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი აქტიურობითა და ჩართულობით ყველას ხმა იქნება დაცული.
გიყვარს შენი ხმა? დაითვალე!





ა/ო "აჭარის განვითარების ცენტრი" - 2017